იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება უახლოეს პერიოდში ვერ მოხდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია, მოსახლეობის პირველი და მეორე დოზით აცრა, თუმცა, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე, ჯანდაცვის უწყება მესამე დოზით ასაცრელ ადამიანთა საკითხს განიხილავს.
„ჯერჯერობით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პირველი და მეორე დოზით ვაქცინაცია. ბუსტერ დოზა მეორე ვაქცინაციიდან 6-12 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არც ვაქცინის მწარმოებლის, რომელიმე მარეგულირებლის მიერ მიღებული არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.