საზოგადოება
24.08.2021 12:42
ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას და შესასრულებელი სამუშაოების ნუსხას, პროექტის ღირებულება 943 800 ლარია. დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება. საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. ახალ შენობაში სწავლას 200-მდე აღსაზრდელი შეძლებს.
„შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ რაც აღნიშნულ ფართში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებამ საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას, ბაღმა ფუნქციონირება დროებით, სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში გააგრძელა. ამ ხნის განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი ქონება გასხვისდა და ადგილობრივ თვითმართველობას მისი კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

GMnews-ის ინფორმაციით, ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტაციის შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.

 

 

 

 

 

კვირის ამბები