24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.
კონსტიტუციის რედაქციის თანახმად საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.
საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმით ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობდა, 1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.