შექმნილი მძიმე კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფინანსური სექტორი, საბანკო სექტორი ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაციების შემოღების მიზანია, სექტორში დასაქმებული ადამიანების დაცვა კოვიდ ინფექციისგან და ასევე იმ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვინც ყოველდღიურად სტუმრობს საბანკო ფილიალებს.
,,ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი, როგორც საბანკო ასოციაციის მნიშვნელოვანი მიზანია, დავიცვათ ჩვენს სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდ ინფექციისგან, ასევე ვიზრუნოთ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობენ საბანკო ფილიალებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, განიხილება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ან რეგულარული ტესტირება.
,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით შესრულება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, დავძლიოთ ის უზარმაზარი გამოწვევა, რაც პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას შეუქმნა. ამ მიზეზით, ვაქცინაციის მხარდასაჭერად ბანკებში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, აგვისტოს მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე. ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, შესაბამისად პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას. რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს“, - აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.