25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ. აღნიშნულის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია ნათქვამი.
კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და რეგულაციის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.
კანონპროექტის ავტორის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ცვლილების მიზანი აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
„საქართველოში 2018 წელს დასახელებული ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში, აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. შედარებისთვის, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს, სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა და 13 806 მლრდ ლარი შეადგინა,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.