საზოგადოება
23.08.2021 13:48
გორის მუნიციპალიტეტის სკოლების რამდენი თანამშრომელია ვაქცინირებული - გაეცანით ბოლო ინფორმაციას

ისევე, როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო თუ კერძო სკოლებშიც მიმდინარეობს თანამშრომელთა მასიური ვაქცინაცია. განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში სოლების სულ უფრო მეტი თანამშრომელი გამოთქვამს აცრის სურვილს.

,,ბოლო პერიოდში, სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად შეიმჩნევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გააქტიურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ერთობლივი აქტიურობით გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს - 20 აგვისტოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 1 128 თანამშრომელი. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციას და პედაგოგებს, ასევე ტექნიკურ პერსონალსაც. რაც შეეხება თანამშრომელთა საერთო რაოდენობას, 73 სკოლაში (67 საჯარო და 6 კერძო სკოლა) დასაქმებულია 2 300 ადამიანი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ 50% აცრილია, თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 აგვისტოს შემდეგაც განხორციელდა ვაქცინაცია და ფაქტობრივად, 50%-ს გადავცდით.

ეპიდსიტუაციის მაქსიმალურ დასტაბილურებასთან ერთად, ვაქცინაცია ის საშუალებაა, რის საფუძველზეც უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სხვაგვარად, საკლასო სივრცეში სწავლების განახლებაზე შეუძლებელია მსჯელობა“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები