კულტურა
20.11.2019 13:05
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი დაგეგმილ საპრემიერო ჩვენებას საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებულ ექიმს მიუძღვნის

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი დაგეგმილ საპრემიერო ჩვენებას საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებულ ცნობილ ექიმს მიუძღვნის. ელენე მაცხონაშვილის რეჟისორული ნამუშევარი, გორის თეატრის დიდ სცენაზე, 21-22 ნოემბერს გათამაშდება.

ათი წლის ბიჭუნას - ოსკარის ღმერთისადმი მიწერილი წერილები, დედა-როზამ, ანუ, ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა და მას შემდეგ იგი ხშირად სტუმრობდა ბიჭუნას ბავშვთა საავადმყოფოში. რაც შეეხება წერილების შინაარსს, ბარათები ოსკარის ცხოვრების  პოეზიით აღსავსე და იუმორით გაჟღენთილ თორმეტ დღეზე მოგვითხრობენ. ეს თორმეტი დღე ბიჭუნასთვის, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღე აღმოჩნდეს, მაგრამ დედა-როზას წყალობით ეს პერიოდი ოსკარისთვის დაუვიწყარი გახდება.

ერისთავის თეატრში ამბობენ, რომ სპექტაკლი თოჯინურია, თუმცა, არასაბავშვო თემატიკას ეხება. პიესაში ორი თოჯინა და 10 მსახიობი მონაწილეობს, რომლებიც შემოქმედებითი ჯგუფის სახელით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას სცენიდან გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.

კვირის ამბები