ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
ქვეყნის მასშტაბით, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები აიცრნენ.
ხურვალეთში, ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დაესწრო.
სიმონ გულედანის თქმით, შიდა ქართლში, მობილური ჯგუფების მიერ ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის ადგილზე აცრა.
„აცრის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მობოლური ჯგუფები, მოსახლეობას ადგილზე, სოფლის ამბულატორებში აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ აცრა. გარდა ადგილობრივებისა, ვაქცინაცია ჩატარდა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან, განსაკუთრებით კი, ის პირები, რომლებიც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან“, - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
GMnews-ის ინფორმაციით, მოწყვლადი პირების იმუნიზაციის პროცესი სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით ეს პროცესი სრულად ამოწურული იქნება.