63 წლის ასაკში გარდაიცვალა გორელი მწერალი, პუბლიცისტი ვაჟა შაქარაშვილი. შაქარაშვილი კოვიდ 19-ის დიაგნოზით კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. ექიმების განცხადებით, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რთული, მას ფილტვების მაღალი ხარისხის დაზიანება აღენიშნებოდა. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შაქარაშვილის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.
„მომიტევეთ, მეგობრებო!
ომში ვარ, კოვიდთან!
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, - წერდა შაქარაშვილი 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში.
ვაჟა შაქარაშვილის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას, კოლეგები და მეგობრები მას ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
,,საშინელი ამბით დაიწყო დღევანდელი დღე. კიდევ ერთი დიდი გორელი დავკარგეთ, დიდგორელი - როგორც თვითონ უყვარდა თქმა...
ვაჟა შაქარაშვილი ძალიან დააკლდება ჩვენს ქალაქს, დააკლდება როგორც აქტიური მოღვაწე, საუკეთესო პუბლიცისტი, მწერალი, მემატიანე. ამიერიდან თითოეულ ჩვენგანს მოგვენატრება მისი გვერდით დგომა, სიხალისე, ლამაზი ქართული. არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ ვთქვა, გაოგნებული ვარ. დიდი გულისტკივილით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ქალაქს, ყველას გისამძიმრებთ“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თამჯდომარე დავით ახლოური.
„ამ დასნებოვნებულ დედამიწაზე გაჩნდება რაღაც ახალი, იმედს რომ ჩაგისახავს ადამიანს, რომ გაფიქრებინებს, არც ისეა საქმე, რაღაც ახალი მოდის, გვეშველება, გადავრჩებით, ლამაზად აგვიფერადდებაო მომავალი ცხოვრების სავალი ბილიკები, მაგრამ... მაგრამ... მაგრამ ძუ მგელივით ჩასაფრებული სიკვდილი წარიტაცებს ნათესავს, მეგობარს, მეზობელს და აღარაფერი აღარ გინდა...
ახლა ვაჟა, წესიერებითა და პუნქტუალობით პირველ ადგილზე მყოფი კაცი... მიეპარა გაუცნობირებლად ეს ვერაგი დაავადება, თორემ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე დროულად მიხედავდა თავს. ვაჟა, ძმაო, მიჭირს შენი გამეტება, რადგან ჯერ ძალიან ადრე იყო, მენანება შენი კალმის გატეხვა, შენი შეუდარებელი შემართება“, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე მწერალი და ჟურნალისტი ოლია ბრაგვაძე.
„გორის მაცნე“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და მის კოლეგებს.