საზოგადოება
20.08.2021 13:35
რით განსხვავდება ე.წ. ინდური შტამი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან და როგორ უნდა ამოვიცნოთ ინფიცირების ნიშნები

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის ოთხი ვარიანტი დაფიქსირდა: ალფა (ბრიტანული); ბეტა (სამხრეთ აფრიკული); გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური), - რომელიც საქართველოში ამჟამად ცირკულირებს. რით განსხვავდება ე.წ. ინდური შტამი სხვა ვარიანტებისგან, რა მახასიათებლებით გამოირჩევა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ინფიცირების ნიშნები - GMnews-ს ,,გორმედის“ ქსელის თერაპიული დეპარტამენტის ექიმი მაია წიქარიძე ესაუბრა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში პანდემიის დაწყების დღიდან არის ჩართული.

,,კორონავირუსული ინფექციის ე.წ. დელტა, იგივე ინდური ვარიანტი, რომელიც ამჟამად ცირკულირებს, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და ძველი შტამებისგან განსხვავებით, როდესაც ინფექცია იწყებოდა მშრალი ხველით, სუნის და გემოს შეგრძნების დაქვეითებით, სახსრების თუ ზურგის მიდამოს ტკივილით, ამჯერად  4 ძირითადი მახასიათებელი აქვს: თავის ტკივილი; ყელის ტკივილი; სურდო; სიცხე;

აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის იყო გაციების დამახასიათებელი, შესაბამისად, ინფიცირებულთაგან ბევრი თვლის, რომ უბრალოდ გაცივდა ორპირ ქარში, კონდიციონერთან და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ იჩენენ სიფრთხილეს არც საკუთარი ჯანმრთელობის და არც ირგვლივმყოფების მიმართ, ეს კი, კიდევ უფრო უწყობს ხელს ვირუსული ინფექციის გავრცელებას. რაც შეეხება ძველი ვარიანტის ნიშნებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დელტა შტამს ნაკლებად ახასიათებს ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითება, ნაკლებად ფიქსირდება მშრალი ხველაც. უნდა ითქვას ისიც, რომ ე.წ. ინდურ შტამს მეტად ახლავს მდგომარეობის სწრაფად გართულების და ჯანმრთელობის გაუარესების რისკები. ასევე, დელტა შტამს მეტად ახასიათებს გახანგრძლივებული ცხელება, რაც პაციენტის მდგომარეობის დამძიმების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე, სხვა ადამიანებისგან იზოლირება, ტესტირება“, - განაცხადა მაია წიქარიძემ.  

კვირის ამბები