კარალეთში მდებარე უსახელო სკვერს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე უსახელო სკვერს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
აღნიშნული სკვერისთვის სუხიტაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მურაზ ღოლიჯაშვილს ეკუთვნის.
ოთარ სუხიტაშვილი 1975 წელს დაიბადა. ოფიციალური ინფორმაციით, ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა. სუხიტაშვილი 406-ე ტანკის მემიზნე ოპერატორი იყო, ამავე ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ – ბირთველაშვილი (მძღოლი) და მეთაური გია რომელაშვილი. სამივე მათგანი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიკარგა. დაკარგულია მათი საბრძოლო ტანკიც.