გორში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აცრების დაწყების დღიდანაა ჩართული მთვარისა ბალაშვილი. ამ პერიოდის განმავლობაში, კვალიფიციურმა ექთანმა ,,გორმედის“ ვაქცინაციის კაბინეტში ასობით მოქალაქე აცრა. ამბობს, რომ არცერთი გართულებული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაქცინაციაზე მისულ პირთა ნაწილი მაინც დაძაბულია, მამაკაცების უმრავლესობას კი, ნემსის ჩხვლეტის შიში აქვს.
,,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჩართული ვარ აცრების პროცესში. ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ, თუმცა, ბევრი მოქალაქე, ვინც ვაქცინაციაზე მოდის, მაინც გარკვეულწილად დაძაბულია, არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გავლენის ქვეშაა, ასევე, ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაქცინაციის დაწყებისას ახალციხეში მომხდარმა ფაქტმა, გვისვამენ კითხვებს, ამბობენ, რომ ვაქცინაციის შიშიც აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, ფიქრობენ, რომ აუცრელობით მეტი საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ამიტომ გადაწყვიტეს ვაქცინაცია. აქვე გეტყვით ერთ რამესაც, ქალები გაცილებით მშვიდად და მომზადებულები მოდიან აცრაზე, ვიდრე კაცები, ამასთანავე, როგორც იკვეთება, მამაკაცების უმრავლესობას არა იმდენად ვაქცინის, არამედ ნემსის ჩხვლეტის შიში აქვს, არადა, აცრა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ბევრი ვერც იგებს ჩხვლეტის პროცესს, მაგრამ კაცების უმრავლესობას მაინც ძალზე ეშინია და ბევრჯერ გვქონდა სახალისო შემთხვევაც, ამ შიშის დასაძლევად, ზოგი ითხოვს, რომ არ დაჯდეს ვაქცინაციისთვის განკუთვნილ სპეციალურ, საკმაოდ კომფორტულ სავარძელში და აცრა გავუკეთო ფეხზე მდგომს. მაგალითად, გუშინ იყო ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მთხოვა, რომ კედელს მიეყრდნობოდა და აცრა ისე გამეკეთებინა, რომ თუ გადაიფიქრებდა, გაქცევის საშუალება ჰქონოდა, მოკლედ, შიშს მამაკაცები გამოხატავენ, ქალებს არ აქვთ ამგვარი ემოციები“, - განაცხადა მთვარისა ბალაშვილმა.