გორში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების გადახურვა მიმდინარეობს
გორში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების გადახურვა მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 258 134 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„ინფორმაციისთვის გეტყვით, რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე - ამილახვრის ქუჩა ნომერი 23; მელიქიშვილის ქუჩა ნომერი 13; ბარნოვის ქუჩა ნომერი 9; თარხნიშვილის ქუჩა ნომერი 21; ცხინვალის გზატკეცილი ნომერი 9 ა - მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს უტარდება. პრობლემის სწრაფად გადასაჭრის მიზნით, მერია სამ სამშენებლო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ცხინვალის გზატკეცილზე, ამილახვრისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეს, ხოლო ბარნოვსა და თარხნიშვილის ქუჩებზე 30 კალენდარულ დღეს შეადგენს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
GMnews-ის ინფორმაციით, სამივე ორგანიზაციასთან ხელშეკრულება 11 აგვისტოს გაფორმდა.