საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს, შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართულნი - ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ნორმატიული აქტი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტულ და მომგებიან თამაშებში ჩართვის პრევენციას ისახავს მიზნად.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო არ ფლობს ზუსტ რიცხვს თუ რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ და მომგებიან თამაშებში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საჯარო სამსახურში (ძირთადად ძალოვან უწყებებში) შიდა განაწესით აკრძალულია მსგავსი ტიპის თამაშებში მონაწილეობა, ისინი, სხვა პირის შექმნილი ექაუნთებით მაინც ახერხებენ ამას. არსებობს არცთუ ისე საფუძველსმოკლებული მოსაზრება, რომ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით მუშაობს 283 800 ადამიანი, ვინც, მსგავს ფაქტზეა შემჩნეული. კანონის ამოქმედების შემდეგ, მათ, ოფიციალურად აეკრძლებათ აზარტულ და მომგებიან თამაშებში ჩართვა და ამასთან, დღეს მოქმედი „ექუნთები“ გაუუქმდებათ. მართებულია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტითაც უნდა დასტურდებოდეს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.