საფეხბურთო კლუბი „გორი“ „მწვანე“ კლუბია, კლუბის ადმინისტრაციის, ფეხბურთელების, მწვრთნელების თუ დამხმარე პერსონალის უმრავლება უკვე ვაქცინირებულია. კლუბის ხელმძღვანელის გია ისიანის განცხადებით, თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი აცრილი იყო, დანარჩენები კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით „გორმედში“ დღეს აიცრნენ.
,,ვუერთდებით საყოველთაო ვაქცინაციას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დებულებაში შეიტანა ცვლილება, სადაც ვალდებულებად ჩათვალა ყველა ფეხბურთელის ან სტაფის წევრის აუცილებელი აცრა ან პისიარ ტესტის წარდგენა, რომლის გარეშეც ვერცერთი ფეხბურთელი, კლუბის ვერცერთი წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში. საფეხბურთო კლუბი ,,გორი“ სრული შემადგენლობით - ადმინისტრაცია, ფეხბურთელები, მწვრთნელები, დამლაგებლები თუ დარაჯები ყველა ავიცერით. დიდი მადლობა სამედიცინო ქსელ ,,გორმედს“, რომელმაც გამოძებნა დამატებითი რესურსები და ცალკე, იზოლირებულად დაგვითმო ვაქცინაციის კაბინეტი, სადაც კლუბი სრულად იცრება. შეიძლება ითქვას, რომ ,,მწვანე“ კლუბი ვართ. გარდა იმისა, რომ ვაქცინაცია ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მთავარი მექანიზმია, ასევე, მოქალაქეობრივი ვალდებულებაც გახლავთ, რომ საკუთართან ერთად, გავუფრთხილდეთ ირგვლივმყოფებს, ამასთანავე, ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის დადგენილებას ვასრულებთ. მოვუწოდებთ ყველა მოქლაქეს, რომ აიცრას, ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა გია ისიანმა.
მესამე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი ,,გორი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კლუბის შემადგენლობაშია ასევე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ვარჯიშობენ, ამ ჯგუფებიდან დაკომპლექტებული ასაკობრივი გუნდები კი, სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე ასპარეზობენ.