საზოგადოება
19.08.2021 07:58
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მისი ისმინეთ“.

ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა პეტრე, იაკობი და იოანე, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

კვირის ამბები