მექსიკელი პოეტისა და კომპოზიტორის კონსუელო ველასკესის სიმღერა Bésame Mucho, რომელიც კუბური ბოლეროს სტილშია და ითარგმნება როგორც - „მაკოცე ბევრი“, მსოფლიოს სიმღერადაა აღიარებული და მისი 130-მდე ვარიაციაა ცნობილი.
Bésame Mucho - სიმღერა, რომელიც 120 ენაზე ჟღერს და რომელსაც 80 წელზე მეტია უსმენს დედამიწის მოსახლეობა. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ასობით მუსიკოსს აქვს შესრულებული, მათ შორის პლასიდო დომინგოს, ხოსე კარერასს, ლუი არმსტრონგს, ელა ფიცჯერალდს, ფრენკ სინატრას, ელვის პრესლის, სეზარია ევორას, ინგლისურ როკ-ჯგუფ The Beatles-ს.
სიმღერის ავტორი კონსუელო ველასკესი (1924-2005) მხოლოდ 15 წლის იყო, როცა ეს უკვდავი ჰიტი შექმნა და როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ისე დაწერა ,,მაკოცე ბევრი“, რომ ვინმესთვის ნაკოცნიც კი არ ჰქონდა.
,,როცა ეს სიმღერა დავწერე, მანამდე ერთხელაც კი არ მიკოცნია ვინმესთვის. ბევრი თვლის, რომ ,,ბესამე მუჩო“ სიყვარულმა დამაწერინა, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და უფრო მეტიც - მრცხვენოდა კიდეც გამემხილა, რომ სიმღერის ავტორი მე ვიყავი“, - ამბობდა კონსუელო ველასკესი ერთ-ერთ ინტერვიუში.
კომპოზიტორის ამგვარი განცხადების მიუხედავად, სიმღერის შექმნასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს არაერთი ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის, თითქოს, კონსუელომ სიმღერა ვირტუალური სიყვარულით მიძღვნა თავის კუმირს, ოსკაროსან მსახიობ გრეგორი პეკს.
წლების შემდეგ ,,ბესამე მუჩოს“ ავტორი ჰოლივუდში პეკს შეხვდა. საოცარი ქალის სილამაზემ გულგრილი არ დატოვა ცნობილი მსახიობი, თუმცა ველასკესი ორ კვირაში მექსიკაში დაბრუნდა, სადაც მას შეყვარებული მამაკაცი ელოდა.