„მე ვარ ლევან მახათაძე, გორიდან. ჩემი დიაგნოზია ცერებრაული დამბლა, შესაბამისად, ბავშვობის ასაკიდან ეტლით მოსარგებლე ვარ. ვარ პარასპორტსმენი, მკლავჭიდელი. ვმუშაობ ტრენერად და გარდა მკლავჭიდისა, ვცდილობ, ბავშვებში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ეტლით მოსარგებლე ბიჭი დიდი ამბიციებით, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევ“, - ლევან მახათაძემ გორის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, ასევე, ირიცხება დემოკრატიის სკოლაშიც, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
„2015 წლიდან ვარ PITA-ში (სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი) ჩართული მოხლისე და დასაქმებული ვარ გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში. ასევე ვარ პარასპორტსმენი, მკლავჭიდელი, ვმუშაობ ტრენერად და გარდა მკლავჭიდისა, ვცდილობ, ბავშვებში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.
ყოველთვის ვიცოდი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ და მინდოდა სპორტით დაკავება, მაგრამ ვერ ვახერხებდი არაადაპტირებული გარემოს და საზოგადოების დამოკიდებულების გამო. რამდენიმე ხნის წინ, მარნეულში გაიმართა შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები, რომელშიც მონაწილეობის შემდეგ მიმიწვიეს გორის სპორტის სკოლაში. კომპლექსები არ მაქვს, ვცდილობ, ყველაფერი ვცადო. თუ დახმარება მჭირდება, ვითხოვ, თუ რამის მიღწევა მინდა - ვიბრძვი. ერთი სიტყვით, ვარ სამოქალაქო აქტივისტი“, - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.
როგორც ლევანი ამბობს, შშმ პირების უფლებების დასაცავად და შეზღუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ასამაღლებლად გამუდმებით იბრძვის, რადგან ფიქრობს, რომ დასრულდა ის დრო, როცა შეზღუდულობა სირცხვილი იყო.
„არაადაპტირებული გარემო ხელს მიშლის ვიყო დამოუკიდებელი. როცა გარეთ გავდივარ, ხშირად მეუბნებიან - „ვაიმე, შვილო, რა ცოდო ხარ, რატომ ვერ გიშველეს შენებმა?“ მე კი ამ დროს ვიბრძვი იმისთვის, რომ ავიწყო ჩემი ცხოვრება, თუნდაც ეტლით მოსარგებლე ვიყო,
გავაკეთო ყველაფერი ჩემით, რომ ოჯახზე დამოკიდებული აღარ ვიყო, თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს, რომლებიც მუდამ გვერდში მიდგნენ.
ასევე, უნდა აღვნიშნო პროგრამა PITA, რომელში აქტიურმა ჩართვამაც მასწავლა, როგორ უნდა ვმართო ჩემი ცხოვრება და ვიყო დამოუკიდებელი, რას ნიშნავს იყო ტოლერანტი და დაიცვა არამარტო საკუთარი, არამედ სხვების უფლებებიც. პროგრამაში მონაწილეობისას გავიჩინე უამრავი მეგობარი, ამ მეგობრებისგანაც ვგრძნობ თანასწორობას, თანადგომას და დიდ სტიმულს. ამიტომ, მივიჩნევ, რომ მსგავს პროგრამებში ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ კი, მშობელმა უნდა ითამაშოს დიდი როლი, ჩართოს ყველა სერვისში და ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას“, - ამბობს 21 წლის პარასპორტსმენი.
სხვა ახალგაზრდების მსგავსად, ლევან მახათაძეს არაერთი ოცნება აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საზოგადოება მიაჩვიოს აზრს - შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.
„ეს ემოცია ყველაზე მეტად ბორჯომში გამართულ ბანაკში, სხვა შშმ პირებთან ურთიერთობისას ვიგრძენი. იქ არ მჭირდებოდა ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად, არავის აინტერესებდა ჩემი დიაგნოზი. ალბათ, სწორედ ამგვარი გარემოსთვის იბრძვის თითოეული ჩვენგანი. რაც შეეხება ჩემ გეგმებს, ამ ეტაპისთვის ვაგრძლებ ბრძოლას სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად, რადგან ჯერ მშობლის ასისტირება მჭირდება. მიუხედავად ამისა, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ეტლით მოსარგებლე ბიჭი დიდი ამბიციებით და გეგმებით, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევ“.
#3 ,,აი ია" - საგანმანათლებლო-შემეცნებითი ჟურნალი მოსწავლე-ახალგაზდებისთვის, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,გორის მაცნეს" გამოცემა