სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ორი კვირის შემდეგ იმსჯელებს. ეს მოხდება მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს არსებული ვითარებისა და რისკების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„სწავლის განახლების პროცესთან დაკავშირებით, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.