საზოგადოება
18.08.2021 11:40
სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას.
მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათზე, სახელმწიფოს მხრიდან გაიცემა 500 ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად თუ რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვირის ამბები