სამართალი
19.11.2019 15:58
ქვეითად მოსიარულეებისთვის სანქციები ორმაგდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად (რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება), მთავრობა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, სანქციების გამკაცრებას ქვეითების მიმართაც გეგმავს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება. ერთი წლის განმავლობაში, კანონდარღვევის გამეორებისთვის პირი 20 ლარის ნაცვლად, 40 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 50 ლარის ნაცვლად გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეით მოსიარულეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის/შეჯახების 336 ფაქტი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 18 და დაშავდა 347 ადამიანი.

კვირის ამბები