სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები, შიდა ქართლის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას უზრუნველყოფენ
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთნენ. დღეს, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები, შიდა ქართლის სოფლებში, რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.
აცრამდე, მედიკოსებმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავად უპასუხეს.
„თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეების ინტერესი საკმაოდ დიდია. მოსახლეობის განსაკუთრებით მაღალი აქტივობით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომი გამოირჩეოდა,“ - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ექიმები, ვაქცინაციის პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად ჩაერთნენ.