საზოგადოება
16.08.2021 19:36
სამედიცინო ქსელმა სტაციონარულად მართა 3 011 პაციენტი, მათგან მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა, რომ სტაციონარში მოხვდა ვაქცინირებული პირი - ხათუნა შრუბი

,,გორმედის“ ქსელის სამივე კლინიკაში - გორში, ქარელსა და ხაშურში, ამ ეტაპზე სტაციონარული მკურნალობა უტარდება 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს, მათგან ვაქცინირებული არცერთი არ არის, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

,,პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ, ,,გორმედის" ქსელმა სტაციონარულად მართა 3 011 პაციენტი. მათგან ორი შემთხვევა გვქონდა, რომ სტაციონარში მოხვდა ვაქცინირებული პირი. ერთი შუახნის ასაკის გახლდათ, მეორე  - უფრო ხანდაზმული, ორივე მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი მიმდინარეობით, იმართა შესაბამისი პროტოკოლით და ორივემ გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე, ქსელის სამ კოვიდკლინიკაში - გორში, ქარელსა და ხაშურში სტაციონარული მკურნალობა უტარდება 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს, მათგან ვაქცინირებული არცერთი არ არის. კლინიკებში ამჟამად მოთავსებული პაციენტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმის ან მძიმეა. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ვაქცინაციას, მკვეთრად მოიმატა მომართვიანობამ და ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იცრება", - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

კვირის ამბები