„შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პროექტის განხორციელების მეორე ეტაპს იწყებს
თეატრის შემოქმედებით პროცესში მაყურებლის მეტად ჩართულობის ხელშეწყობისთვის, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პროექტის - „შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ - მეორე ეტაპის განხორციელებას იწყებს.
როგორც თეატრში ამბობენ, მაყურებლის ონლაინ გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით უკვე გამოვლინდა რომელი მიმდინარეობის ნაწარმოების სცენურ ვერსიას იხილავდა მაყურებელი.
„პროექტში „შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ პირველი გამოკითხვის შედეგად, მაყურებლის არჩევანი თანამედროვე ქართულ დრამატურგიაზე შეჩერდა. ამჯერად, გვსურს მათთან ერთად განვსაზღვროთ მომავალი სპექტაკლის თემა. ამიტომ მოგმართავთ: რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად? რა გაწუხებთ?
რა არის თქვენთვის აქტუალური და რა თემაზე გსურთ თეატრმა ისაუბროს?
დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრება, იაქტიურეთ და შეუკვეთეთ თქვენი სპექტაკლი“, - ამბობენ იდეის ავტორები.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, გამოკითხვის მეორე ეტაპი რომელიც მომავალი სპექტაკლის თემას არჩევას მოიცავს, ორი კვირა გაგრძელდება.