შიდა ქართლში პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაიწყო - რა კეთდება პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შიდა ქართლში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსებს ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება. რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, კასპში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. დაწყებულია ქარელის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე შენობებისა და სკვერის, ხოლო ხაშურში - რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. მოსამზადებელი - საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები თითქმის დასრულებულია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, რომელიც სკვერებში და პარკებში განახლებული და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ახალი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის დასრულება კი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები