საზოგადოება
13.08.2021 15:50
სწავლის დაწყებისთვის ეპიდვითარების პროგნოზირება ძნელია, მაგრამ უსაფრთხოებისთვის სკოლის და უნივერსიტეტის პერსონალი, ყველა სტუდენტი უნდა აიცრას - იმნაძე

სწავლის დაწყების პერიოდისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარების პროგნოზირება ძნელია, თუმცა სკოლა და უნივერსიტეტი რომ უსაფრთხო იყოს, პერსონალი და ყველა სტუდენტი უნდა აიცრას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.  

იმნაძის თქმით, რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია გაჩნდეს ახალი მუტანტი შტამები.

„მიმდინარე პანდემიის დროს პროგნოზები ძალიან ძნელი საქმეა. მოგეხსენებათ, რომ დელტა შტამი დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჩვენი დაკვირვებებითაც, შარშან თუ ყოველკვირეული ბიჯი იყო 3 000 შემთხვევის მატება, ახლა გვაქვს დაახლოებით 6 000 შემთხვევა მატება ყოველკვირეულად. რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია გაჩნდეს ახალი მუტანტი შტამები, რა თვისებების იქნება ეს შტამები ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია.

აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რა მოხდება სწავლის დაწყების პერიოდისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა, იმისთვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, არათუ მასწავლებელი, მთელი პერსონალი. იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები იყოს უსაფრთხო, ყველა სტუდენტი და პროფესორიც აცრილი იყოს. ვინც სასწავლებლად მიდიან საზღვარგარეთ, მათ უწერიათ, რომ არ მიიღებენ კამპუსებში, თუ არ იქნებიან აცრილები. მე იმედი მაქვს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიც გაითვალისწინებენ ამას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კვირის ამბები