კოვიდსტატისტიკა მზარდია, ასევე, გეტყვით, რომ ახლახანს, გორის მუნიციპალიტეტში გამართულ ქორწილში მყოფ არაერთ პირს დაუდასტურდა კოვიდ-19, ამგვარი ქორწილის კლასტერები ისევ რომ არ მივიღოთ, ამისთვის დაწესდა შეზღუდვები და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წვეულებებმა არ მიიღოს არალეგალურად, ფარულად გამართვის სახე, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.
,,ინფიცირების სულ უფრო მზარდი სტატისტიკის ფონზე, ვითარება გართულდა გორშიც. კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ არაფრად აგდებს რეკომენდაციების დაცვას და სწორედ ამის შედეგი გახლავთ ინფიცირების ეს ციფრები. მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებების, ქორწილების, ქელეხების, სხვადასხვა წვეულებების გამართვაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტში გამართულ ქორწილში მყოფ არაერთ პირს დაუდასტურდა კოვიდ-19, ინფიცირებულთა შორის არიან ბავშვებიც. ამგვარი ქორწილის კლასტერები ისევ რომ არ მივიღოთ, ამისთვის დაწესდა შეზღუდვები და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წვეულებებმა არ მიიღოს არალეგალურად, სხვა სივრცეებში ფარულად გამართვის სახე, რომ თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი 5 359 ახალი შემთხვევიდან 307 დადასტურდა შიდა ქართლში.