ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
* 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
* 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
* მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
* სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
* იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
* საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
* ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები;
* მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტი ჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარება დალუქვას;
* ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციის მიხედვით, 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ არ აიცრებიან და სურთ რესტორანში ან სხვა დაწესებულაში წასვლა, მათ თავად მოუწევთ ტესტირების თანხის გადახდა.