საზოგადოება
12.08.2021 17:43
24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უკვე დააყენეს საკითხი სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები (სანამ აცრა მოსახლეობის 10%-ს არ მოიცავს).

ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ დაწესებულებებში შესვლისას წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულაში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები