14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გიორგი ღიბრაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა.
„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.
ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, - განაცხადა ღიბრაძემ.