ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური პროექტების თანადაფინანსებას მომავალ წელსაც გააგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წელს განსახორციელებელი სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 30 ნოემბერს დასრულდება. მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, წერილებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე განიხილავს და გადაწყვეტილებას პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღებს. პროგრამა ორ ეტაპიანია და დაინტერესებულ ორგანიზაციებს მერიის შეთავაზებით სარგებლობა მომავალი წლის გაზაფხულზეც შეეძლებათ.
„მეორე ეტაპზე, პროექტების წარმოდგენა 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. კომისია თითოეული განაცხადს წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს. სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - ამბობენ მერიაში.
შინმოვლა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება, დღის ცენტრების, საზოგადოებაში ინტეგრაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამიზნე ჯგუფებს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების საშუალებით მიეწოდათ.
ცნობისთვის, 2019 წლის განმავლობაში ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, მერიამ 14 პროექტი დააფინანსა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 079 ლარი გაიხარჯა.