ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა მთელ რიგ ქვეყნებში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 799 პაციენტი ემსხვერპლა.
ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 6 512 859 შემთხვევა დაფიქსირდა და 167 241 ადამიანი გარდაიცვალა.
მდგომარეობა გართულდა გერმანიაშიც. შექმნილი ვითარების საფუძველზე, ბავარიის ფედერალური ხელმძღვანელობა ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას აანონსებს.
,,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, გადასახადების გადამხდელები მათი კოვიდტესტების საფასურს სამუდამოდ ვერ დაფარავენ“, - განაცხადა ბავარიის პრემიერმა.
გუშინ, გერმანიაში კორონავირუსის 4 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც უდიდესი დღიური მაჩვენებელია მაისის შემდეგ.
საგანგებო ზომები გაახანგრძლივა უკრაინამაც, სადაც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 205 მილიონს გადააჭარბა.