საზოგადოება
11.08.2021 15:26
,,გორმედის“ ქსელის სამივე კოვიდკლინიკა ამ ეტაპზე გადავსებულია - ხათუნა შრუბი, კლინიკური დირექტორი

კორონავირუსის შემთხვევების სულ უფრო მზარდი სტატისტიკის ფონზე, ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებში მიმართვიანობა.

შიდა ქართლში სამედიცინო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის - ,,გორმედის“ ქსელის სამივე კოვიდკლინიკა ამ ეტაპზე გადავსებულია. სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, პაციენტების მიღება ხდება გაწერების ხარჯზე.

,,ამ ეტაპზე ,,გორმედის“ ქსელის სამივე კოვიდკლინიკა გადავსებულია, პაციენტების მიღება ხდება გაწერების ხარჯზე. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების  მატების იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, ბუნებრივია, სტაციონარული საწოლების მხრივ რთული ვითარება შეიქმნება. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე, საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერების ხარჯზე ხდება. სწორედ საწოლბრუნვის ხარჯზე ვახერხებთ, რომ მძიმე პაციენტი სტაციონარს მიღმა არ დარჩეს, თუმცა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველანაირი რესურსი სამედიცინო სექტორშიც ამოწურვადია, ეს ეხება როგორც ადამიანურ რესურსს - სამედიცინო პერსონალს, ასევე ტექნიკურ მხარეს, თუნდაც - საწოლფონდს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისა და ვაქცინაციისკენ. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გავითვალისწინოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

კვირის ამბები