საზოგადოება
11.08.2021 12:36
გორის მუნიციპალიტეტის მერმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი უთანასწორო შეტაკებისას დაღუპული 17 ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო გორის მუნიციპალიტეტის მერმაც. კონსტანტინე თავზარაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან მერიის თანამშრომლებთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან  ერთად იმყოფებოდა და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

„13 წლის წინ, ამ ადგილას ჩვენი შეიარაღებული ძალების 22 ჯარისკაცი იბრძოდა. მათგან 17 დაიღუპა და უთანასწორო ბრძოლაში თავი შესწირა საქართველოს თავისუფლებას. ამ ბიჭებმა აჩვენეს როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ მისთვის სიცოცხლეც კი გაწირო.  მოგეხსენებათ, დღეს, ერთ-ერთ მათგანს -ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სწორედ ონიანის დამსახურებაა ბრძოლაში გადარჩენილი 5 ბიჭის სიცოცხლე. მან, დაჭრილი ნათლული არ მიატოვა და თავი მასთან ერთად, ხელყუმბარით აიფეთქა, რითაც  აღარ მისცა რუსებს საშუალება უშუალოდ ბრძოლის ადგილზე შესვლისა და დარჩენილი მეომრების ლიკვიდაციისა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილია იმ მონუმენტის კონცეფციის შეცვლა, რომელიც შინდისის ბრძოლის ადგილას უნდა აღიმართოს.

კვირის ამბები