მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა, სადაც შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გორში, შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ალექსანდრე ონიანისთვისს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს - საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მინიჭების ინიციატივით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
„13 წლის წინ, დღევანდელ დღეს განვითარებული მოვლენები არის ისტორიული და დაუვიწყარი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი 17 გმირი, რომელიც შეეწირა დღევანდელ დღეს სამშობლოს დაცვას, მუდამ დარჩება ისტორიას. დღეს ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები, ასეთი არის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, გუშინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი, დღეს გამოსცა განკარგულება, რითიც ჩვენს გმირს ალექსანდრე ონიანს მიენიჭა უმაღლესი გმირის - ეროვნული გმირის სტატუსი. ჩვენ ამ სტატუსის გვყავდა 21 გმირი, დღეიდან კი 22 გმირი გვეყოლება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ალექსანდრე ონიანისთვის ეროვნული გმირის ორდენის მინიჭების შესახებ დღეს გახდა ცნობილი მისი ოჯახისთვისაც.
„ძალიან მძიმე და მტკივნეული დღეა, მაგრამ ამავდროულად ჩემთვის ძალიან საამაყოა. ნამდვილად არ მოველოდით ამ ამბავს და ცოტა დაბნეული ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის პირადად, ალეკოსთვის არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგანაც ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ ის 16 გმირი, რომელიც მასთან ერთად დაეცა ბრძოლის ველზე, ალბათ უფრო ბედნიერები იქნებიან დღეს საიქიოში. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გამახარა მინისტრმა, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ალეკოსთვის ეროვნული გმირის სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილეობდა“, - აღნიშნა ალექსანდრე ონიანის დამ ელენე ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა, რა დროსაც რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ალექსანდრე ონიანმა დაჭრილი ნათლული არ მიატოვა და თავი მასთან ერთად, ხელყუმბარით აიფეთქა.