ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე, პროექტირება მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ლალებაშვილის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპლექსურად განხორციელდება და პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული ზონა მოეწყობა. „ახალბაღის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მართალია, ამ დროისთვის დეტალები დაზუსტებული არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის ცენტრალურ პარკში ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება, სადაც მოეწყობა საგამოფენო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. ამასთან, სურვილი გვაქვს, მოვაწყოთ ველობილიკები, დიდი ალბათობით, შევიძენთ ველოსიპედებსაც და მსურველებს გაქირავების სერვისს შევთავაზებთ. მოკლედ, მომავალ წელს ახალბაღში სრულიად განახლებული და თანამედროვე გარემო დაგხვდებათ“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას მალხაზ ლალებაშვილი.