საზოგადოება
11.08.2021 11:59
ვუსამძიმრებ დაღუპული გმირების ოჯახებს, დღეს მათ გვერდით დგომა არის ძალიან მძიმე, თუმცა საპატიო და საამაყო - თეა ახვლედიანი

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ხელისუფლების, შეიარაღებული ძალების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ბრძოლის ადგილზე დღეს დილიდან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ ომში გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის ხსოვნას.

შინდისის გმირების მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ჩავიდა და ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ  შინდისის 17 გმირის ხსოვნა თითოეულ მოქალაქეს გვავალდებულებს დავიცვათ მშვიდობა, მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და გავამთლიანოთ ქვეყანა.

„13 წლის წინ, ამ ადგილას საქართველოს ღირსების დასაცავად ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის გამორჩეული გმირობის ისტორია დაიწერა. აქ დაიბადა შინდისის გმირების ისტორია და უკვდავყოფილია მათი სახელები. ჩვენ დავკარგეთ 17 ახალგაზრდა ვაჟკაცის სიცოცხლე, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ცოცხლად გადარჩენილი გმირებიც და მე ქედს ვიხრი მათი ქვეყნისთვის თავდადების მაგალითის წინაშე. ეს გვავალდებულებს თითოეულ ჩვენგანს დავიცვათ მშვიდობა, მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და გავამთლიანოთ ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპული გმირების ოჯახებს და ვიტყოდი, მათ გვერდით დგომა არის ძალიან მძიმე, თუმცა საპატიო და საამაყო“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

 

კვირის ამბები