საზოგადოება
10.08.2021 16:14
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყო

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრები დღეიდან სოფლების ამბულატორიებშიც ხელმისაწვდომია. აცრის პირველი კაბინეტი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ამოქმედდა, სადაც ამბულატორიის დირექტორი ნიკოლოზ ძამუკაშვილი პირველი აიცრა.

,,პრემიერის განკარგულებით, უკვე დაიწყო ამბულატორიულად ვაქცინაციის განხორციელება. დღეს, ნიქოზის ამბულატორიაში დაიწყო უკვე ვაქცინაციის პროცესი. მე პირადად ავიცერი, კარგად ვგრძნობ თავს, ყველას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ახლა უკვე ხელმისაწვდომია  მოსახლეობისთვის ადგილზე და შესაბამისად, დამატებითი ბარიერები აღარ არის საჭირო, ყველას შეუძლია მოვიდეს ნიქოზის ამბულატორიაში და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 5 ლოკაციაზე.

,,გაიზარდა ამცრელი კაბინეტების რაოდენობა, იმისთვის, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასაც დაბრკოლებების გარეშე ჰქონდეს ვაქცინაციაზე წვდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე, სოფლის ამბულატორიებს დონეზე შესაძლებელი ყოფილიყო ეს სერვისი. პირველი გახლავთ ნიქოზის ამბულატორია, რომელიც არაერთგზის იქნა გადამოწმებული და აქ არსებული პირობები და სამედიცინო პერსონალი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

სოფლების ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს კლინიკა ,,გორმედი“ უზრუნველყოფს. სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორის განცხადებით, სოფლად ხელმისაწვდომია ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაცია. ,,როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის განკარგულება იყო, რომ რეგიონებში დაწყებულიყო მასობრივი ვაქცინაცია და „გორმედის“ ქსელმა უმოკლეს დროში მოახერხა, რომ ამცრელი კაბინეტის ფუნქციონირება შესაძლებელი ყოფილიყო ნიქოზის ამბულატორიაში, სადაც უკვე ხელმისაწვდომია, რომ ნიქოზსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა პირებმა ჩაიტარონ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ეს ეხება ორ ვაქცინას - „სინოფარმს“ და „სინოვაკს“. რაც შეეხება დანარჩენ ლოკაციებს, ეტაპობრივად მოვიცავთ რეგიონს და მოსახლეობას საშუალებას მივცემთ, ადგილზე აიცრან“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

კვირის ამბები