საზოგადოება
10.08.2021 12:06
ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს სახელობით ვარსკვლავებს გაუხსნიან
ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს სახელობით ვარსკვლავებს გაუხსნიან. როგორც GMnews-სთვის ცნობილი გახდა, გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო.
„საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ. რაც შეეხება ოლიმპიადის კიდევ ერთ ოქროსმედალოსან ლაშა ტალახაძეს, კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს“, - ნათქვამია საქართველოს კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა სპორტსმენმა, 27 წლის გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. პეტრიაშვილი შეხვედრის ბოლო წამამდე უგებდა სტივსონს, თუმცა სასტვენიამდე ამერიკელმა 2 ქულის აღება მოასწრო.
კვირის ამბები