„სოფლის განვითარების პროგრამას“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები დაემატა
„სოფლის განვითარების პროგრამას“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები (GMG) დაემატა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ,
მწვანე გრანტების კომპონენტი შემდეგ მიმართულებების დაფინანსებას ითვალისწინებს: მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსება, სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10% - ით; ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები, სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% - ით; შენობის ნაწილობრივი თბოიზოლაცია - ასეთ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30% - ით; შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% - ით.
„სოფლის განვითარების პროგრამაში“ ახალი მიზნობრივი კომპონენტის დამატების შესახებ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ უკვე მოაწერეს.