დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, პირველი კურსის იუნკერთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა და 87 იუნკერი საქართველოს თავდაცვის ძალებს ოფიციალურად შეემატა. დღესვე, აკადემიის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ფიცი დადო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 39-მა მსმენელმა. ღონისძიებამდე, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ, გვირგვინით შეამკო სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალები. იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ პირველი კურსის იუნკერებმა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საბრძოლო მომზადების ათკვირიანი კურსი გაიარეს, სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამასთან, კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს საერთო საჯარისო ტაქტიკა, საერთო საჯარისო წესდებები, სამწყობრო მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა სამხედრო დისციპლინა.