საზოგადოება
10.08.2021 08:57
დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა

დღეიდან, 10 აგვისტოდან, ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ეპდსიტუაციის გაუარესებას უკავშირდება.

„სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა ღიბრაძემ.

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან კვლავ აიკრძალა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე. ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით.

კვირის ამბები