საზოგადოება
18.11.2019 14:32
გორელი ექიმების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფისთვის ტანსაცმლის და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების უფლება ამ დრომდე არ მიეცა წითელ ჯვარს

,,თეთრი ხალათის" აქციას შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა.  ,,გორმედის" ქსელის სამედიცინო კლინიკების და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური მშვიდობიანი აქციები გამართეს.

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქართველოს ტრავმატოლოგთა გაერთიანების ხელმძღვანელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
გორელი კოლეგების ინფორმაციით, დაკავებული ექიმი დე ფაქტო რეჟიმის ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ იგი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, შესაბამისად, ვერანაირ ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

,,ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. დღეს ყველა ექიმი გავერთიანდით ერთადერთი მოთხოვნით - დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ექიმი ცხინვალის საპატიმროდან“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ღვინიაშვილმა.

გორელი ექიმების ინფორმაციით, რომ პატიმრობაში მყოფისთვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების უფლება ამ დრომდე არ მიეცა წითელ ჯვარსაც.

„ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოვხატავთ საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო და მოვითხოვთ ტრავმატოლოგ-ორთოპედის,  ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებას. მოგეხსენებათ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ცნობილია, რომ ე.წ. ოს სამართალდამცავებთან რუსულად საუბარზე ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი თქვა და თარჯიმანი მოითხოვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის პატრიოტიზმზე. გეტყვით იმასაც, რომ პატიმრობაში მყოფისთვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების უფლება ამ დრომდე არ მიეცა წითელ ჯვარსაც“, - დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებმა კი, ცხინვალელ ექიმებს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „ჩვენ ვაპროტესტებთ, საქართველოს ორთოპედ-ტრამვატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ბატონი ვაჟა გამორჩეულია თავისი პიროვნული თვისებებით, თავისი პროფესიონალიზმით. მივმართავ ცხინვალელ ექიმებს, ხმა აიმაღლონ ამ უკანონობის წინააღმდეგ და მხარში დაუდგნენ ბატონ ვაჟას“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტრამვატოლოგმა შალვა გოდერძიშვილმა.

კვირის ამბები