საზოგადოება
09.08.2021 10:54
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის ადგილზე გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, წელს ვაშლის მოსავალი მცირეა.

„დაახლოებით ერთ თვეში, ვაშლის მოსავლის აღება დაიწყება. გადამმუშავებელი საწარმოები მზადყოფნაში არიან. ყველა საწარმო გამართულია. წელს ვაშლის მოსავალი მცირეა. ვფიქრობთ, იმ სქემით, რომლითაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მოხდება, კმაყოფილი იქნებიან როგორც ფერმერები, ისე გადამმუშავებელი სექტორი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის.

კვირის ამბები