თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ეს ხელისუფლება ვეღარ იქნება ხალხის რჩეული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ეძლევათ ხალხისგან ნდობა და მანდატი, ვალდებულება აქვთ, ეს ნდობა კეთილგონივრულად გამოიყენონ.
„ხშირად, პოლიტიკოსებს გვავიწყდება ჩვენი მთავარი ვალდებულება - ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან, პირველ რიგში, ომისგან და ასევე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამას თუ ვერ ახერხებს ხელისუფლება, ის ხელისუფლება ვეღარ იქნება ხალხის რჩეული და ასეც მოხდა. ეს გაკვეთილებია, ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. ჩვენ მშვიდად, გონივრულად, პრაგმატული პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ, ქვეყნის დეოკუპაციას, ქვეყნის შიგნით გაძლიერებას, ხალხის გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. ღმერთმა ინებოს, ეს დღე მალე დადგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.