რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძებებია დაგეგმილი. ტრადიციულად, დღეს დილით ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი, ტაძრის მიმდებარედ არსებული გმირთა მემორიალთან, მეუფე ანდრიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
გორში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ხელისფლების წარმომადგენლები პარაკლისს დაესწრნენ და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი.
მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ცალსახად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების გაერთიანება და მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.
„ყველა ჩვენგანის ტკივილია დღევანდელი დღე. 13 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლერობამ. მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში და მე მახსოვს, როგორი მძიმე იყო იმ სოფლის მოსახლეობის ყოფა, მათი განცდები, მათი ემოციები. მახსოვს ასევე სოფელი ერედვი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ოკუპაციის შედეგად გავიდა ჩვენი კონტროლის ზონიდან. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენ რა გზავნილს ვუგზავნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დღეს მინდა ვისურვო, რომ ჩვენ ყველანი გავეთიანდეთ.
სამხედროებმა, პოლიციელებმა, სამოქალაქო პირებმა ჩაიდინეს უდიდესი გმირობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად და კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ხსოვნის, მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.