საზოგადოება
06.08.2021 11:08
აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს, კონკრეტულ საგანში მიღბული ქულები თუ არ აკმაყოფილებთ, საშუალება აქვთ შედეგები გაასაჩივრონ. ამისათვის, აპლიკანტმა განაცხადით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6  აგვისტოს, 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

GMnews გთავაზობთ, სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას:

აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი; მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ; საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ სათითაოდ ყველა დავალება.

თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

ამასთან, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.

აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი, თუმცა, ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

აბიტურიენტს, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე, თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

კვირის ამბები