გორში, ჭანტურიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, ქუჩის ორივე მხარეს განხორციელდება ტროტუარების რეაბილიტაცია, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, ხოლო სამანქანე გზას რეაბილიტაცია ბაგრატიონის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე ჩაუტარდება.
„პროექტი ითვალისწინებს, ასევე, მე-4 საჯარო სკოლასთან არსებული ავტოპარკინგის რეაბილიტაციას, არსებული გაზონების დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟსა და ახალი ბორდიურების მოწყობას. დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო ნიშნების, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟიც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამუშოებს, რომლის ღირებულება 428 000 ლარია, შპს ,, საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ახორციელებს.