მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება. ასფალტის საფარის 2 384 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცის „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ახლადრეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფლის მოსახლეობა, ჯამში, 7 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
1 079 419 ლარის ღირებულების სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა და შესაბამისად, გზის საფარი კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენდა სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები - დარღვეული, მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები კი, დაბინძურებული იყო და ატმოსფერული ნალექების შედეგად შეგროვილი წყლის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამიტომ, არსებულის გაწმენდასთან ერთად, პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთკარსაც აკავშირებს.