საზოგადოება
05.08.2021 15:45
იმუნიზაციის ცენტრებში ამოქმედებულ დამატებით ამცრელ კაბინეტებში განათლების სისტემის თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ.

„განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები